ბრიუსელი და ლონდონი Brexit-ის შემდგომ სავაჭრო საკითხებზე მუშაობას იწყებენ

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი დღეიდან ბრიუსელში იწყებენ მოლაპრაკებების მეორე ფაზას, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის გამო გახდა საჭირო. თუ მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე განიხილავდნენ პირობებს, რის საფუძველზე ბრიტანეთმა დატოვა კავშირი, მეორე ეტაპზე, როცა „ბრექსიტი“ უკვე შემდგარი ფაქტია, მხარეებს მოუწევთ სავაჭრო საკითხების შეთანხმება ბრიუსელსა და ლონდონს შორის, მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს დასრულდება გარდამავალი პერიოდი.

ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა მანამდე განაცხადა, რომ აპირებს მჭიდრო და ამბიციური პარტნიორული კავშირების დამყარებას ბრიტანეთთან, ვინაიდან ეს წაადგება როგორც ხალხს, ასევე ბიზნესს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი აპირებს ბრიტანეთთან შექმნას თავისუფალი ვაჭრობის ზონა საბაჟო ტარიფებისა და კვოტების გარეშე, ასევე თანაბარი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიან კონკრუენციას ბრიტანულ და ევროპულ ბიზნესებს შორის. მოლაპარაკებებმა ასევე უნდა შექმნას საფუძვლები სათევზაო რეწვის საკითხებში, ისე რომ მხარეებს ერთმანეთის ტერიტორიულ წყლებზე წვდომის საშუალება ჰქოდნეთ. ასევე, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას ციფრული ვაჭრობის სფეროში, ინტელექტუალური საკუთრების, სახელმწიფო შესყიდვების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ევროკომისიამ მანამდე განაცხადა, რომ მოლაპარკებების მეორე რაუნდსაც წარუძღვება მიშელ ბარნიე, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველ რაუნდსაც. ბარნიეს განცხადებით დისკუსია იქნება რთული. მისი თქმით, მოლაპარაკებები დაიწყება 2 მარტს ლონდონში და ის წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2020 წლის 1-ელ თებერვალს დატოვა სამწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ. ბრიუსელი და ლონდონი შეთანხმდნენ გარდამავალ პერიოდზე წლის ბოლომდე, რა ხნის განმავლობაშიც ბრიტანეთზე გავრცელდება იგივე ნორმები, რომელიც მოქმედებს ევროკავშირში. ბრიტანეთი ასევე განაგრძობს საკუთარი შენატანის გადახდას ევროკავშირის ბიუჯეტში, თუმცა მისი წარმომადგენლები ამიერიდან არ მიიღებენ მონაწილეობას ევროკავშირის გადაწყვეტილებებში.

კოკა კვირკველია