სამაუწყებლო ტექნიკის პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

რომელი ტელევიზია აღიჭურვება უნიკალური შესაძლებლობების მქონე ტექნიკით?

პირველად საქართველოში, 16-დან 18 ოქტომბრამდე სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. გამოფენის ორგანიზატორები რეგიონის წამყვანი სამაუწყებლო ტექნიკის დისტრიბუტორი კომპანია "ინოვატორი" და ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი (IFIT) არიან. გამოფენას თბილისის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ კომპანია "ინოვატორის" დამფუძნებელს, ზურაბ გეგენავას ვესაუბრეთ.

ზურაბ გეგენავა: "გამოფენა კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალ "ოქროს თვალი"-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას პროფესიონალური ტექნიკის მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი 14 კომპანია მიიღებს (SONY, Canon, Linear Acoustic, RTS, Panasonic, Fujifilm და ა.შ.). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც უნიკალური შესაძლებლობების მქონე თანამედროვე ტელე-კინო და აუდიო ტექნიკა. გარდა ამისა, მწარმოებელი კომპანიები ჩაატარებენ პრეზენტაციებსა და სემინარებს, ხოლო საერთაშორისო დონის სპეციალისტები ჰოლივუდიდან წაიკითხავენ მასტერკლასებს, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.

ახლახანს კომპანია "ინოვატორის" დელეგაცია ამსტერდამში, სამაუწყებლო ტექნიკის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე, "IBC"-ზე იმყოფებოდა. გავეცანით სატელევიზიო სფეროს თანამედროვე ტენდენციებს, სისტემურ გადაწყვეტებს. მივიღეთ ინფორმაცია, თუ რა ტექნოლოგიურ სიახლეებს უნდა ველოდეთ მომავალში. გვქონდა და გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან. სწორედ ამ გამოცდილებამ გვიბიძგა, რომ მსგავსი ტიპის გამოფენა საქართველოშიც შეგვეთავაზებინა ამ სფეროთი დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

- რა შესაძლებლობებით არის გამორჩეული ტექნიკა, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი და რამდენად აქვს დღეს საქართველოში უკვე არსებულ ტელევიზიებს შესაძლებლობა, რომ ფეხი აუწყოს თანამდეროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს?

- მოგეხსენებათ, 2015 წელს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რაც ქვეყნისთვისა და ტელევიზიებისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ცვლილებაა. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ მომხმარებლებს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამედროვე გადაწყვეტები შევთავაზოთ. "ინოვატორის" მიერ განხორციელებული პროექტები სწორედ მომხმარებლის მოთხოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების ბალანსს წარმოადგენს. სწორედ ამისი მაგალითია "პალიტრა" TV",სადაც გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები. იქ არსებულ სისტემას კი შემდგომი განვითარების უნიკალური შესაძლებლობა აქვს.

"პალიტრა TV"-ში დაგეგმილი ტექნიკური სიახლეების შესახებ ჩვენ ტელევიზიის ტექნიკურ დირექტორს, ზაზა ქანთარიას ვესაუბრეთ. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, იანვრიდან ტელევიზია მუშაობის განსხვავებულ და მრავალფეროვან რეჟიმზე გადავა.

ზაზა ქანთარია: "პალიტრა TV" ზამთრის სეზონს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდება. ტელევიზია მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების ტექნიკით აღიჭურვება და HD მაუწყებლობის რეჟიმზე გადავა. როგორც იცით, 2015 წელს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. ჩვენი ახალი ტელევიზია აბსოლუტურად მზად იქნება ამ პროცესისთვის. ტელეცენტრი აღიჭურვება მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ტექნიკით, როგორებიც გახლავთ SONY, Sennheiser, Cisco, Linear Acoustic, Datavideo, RTS, Shure და ა.შ. გარდა ამისა, ტელევიზიას ექნება პატარა და დიდი სტუდიები და ჩართვის რამდენიმე წერტილი, რაც სამუშაო პროცესს უფრო მობილიზებულსა და მრავალფეროვანს გახდის.

ტექნიკის განვითარებასთან ერთად ტელევიზია ინფრასტრუქტურასაც ანვითარებს. უკვე დაწყებულია ახალი ნიუსრუმის მშენებლობა, საიდანაც "პალიტრა TV" ახალ სეზონს 1-ელი იანვრიდან დაიწყებს.