საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კორონავირუსთან საბრძოლველად 50 მლრდ დოლარი გამოყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) კორონავირუსთან საბრძოლველად 50 მლრდ აშშ დოლარი გამოყო. BBC-ის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა ძირითადად ღარიბი და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს მოხმარდება, რომლებიც დამოუკიდებელად კორონავირუსთან გამკლავებას ვერ შეძლებენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით რაც შეიძლება დროულად უნდა დამარცხდეს, რათა მსოფლიო ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა კიდევ უფრო არ შემცირდეს.

ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის გლობალური ეკონომიკის ზრდა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალი იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტალინა გეორგევას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის შემცირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება რთულია. „2020 წლის გლობალური ეკონომიკის ზრდა წინა წლებთან შედარებით გაცილებით დაბალი იქნება. თუმცა რამდენად შემცირდება ის და რა პერიოდის განმავლობაში მოახდენს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე, ჯერჯერობით რთულია სათქმელია“,-განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მსოფლიო ბანკმა კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ვირუსს 3 285 ადამიანი ემსხვერპლა.

ბექა ბერიაშვილი