ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა კორონავირუსის გამო გადაიდო

ჯეიმს ბონდის მორიგი ფილმის - „სიკვდილის დრო არ არის“ მსოფლიო პრემიერა 2 აპრილს იყო დანიშნული, მაგრამ კორონავირუსის გამო, მინიმუმ შვიდი თვით გადაიდო. მიზეზი მარტივია - კორონავირუსის გამო, ფილმის მოგება მნიშვნელოვნად შემცირდება.

ბონდის ახალ ფილმს, კინოსამყაროს გარდა, საავტომობილო სამყაროც მოუთმენლად ელოდა - მასში პირველად უნდა გვენახა ახალი „ლენდ როვერ დეფენდერი“ და მისი შესაძლებლობები. ამ თემაზე, ბრიტანულმა კომპანიამ „დეფენდერის“ მონაწილეობით შესრულებული ტრიუკების გადაღებაზე ვიდეორგოლიც კი გამოაქვეყნა.

სხვათა შორის, ფილმის პრემიერა თითქმის ემთხვეოდა ახალი „დეფენდერის“ ბაზარზე გამოსვლას. რა თქმა უნდა, ფილმში ბონდს ასისტენტობას „ასტონ მარტინის“ ავტომობილებიც - DB5, კლასიკური „V8 ვენტიჯი“, „DBS სუპერლეგერა“ და უახლესი ჰიპერ ავტომობილი „ვალჰალა“ უწევენ.

„MGM, უნივერსალი და ბონდის პროდიუსერები, მაიკლ ჯი უილსონი და ბარბარა ბროკოლი აცხადებენ, რომ მსოფლიო კინობაზრის ფრთხილი განხილვის შემდეგ, ფილმ „სიკვდილის დრო არ არის“ პრემიერა 2020 წლის ნოემბრამდე გადაიდო“, - ნათქვამია ფილმის გადამღები სამი სტუდიის ერთობლივ განცხადებაში.

დადგინდა პრემიერის ახალი თარიღი - ბრიტანეთის და მსოფლიოს კინოთეატრებში პირველი ჩვენება 12 ნოემბერს დაინიშნა, შეერთებულ შტატებში კი პრემიერა ოდნავ მოგვიანებით, 25 ნოემბერს ჩატარდება.

ბოლო წლებში ფილმების მწარმოებლებისთვის, აზიური ბაზარი მეტად მნიშვნელოვანი გახდა. მაგრამ კორონავირუსის გამო, მარტო ჩინეთში 70 ათასზე მეტი კინოთეატრია დახურული. მიზეზი მარტივია - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვირუსის გავრცელება ადვილია. იმავე მიზეზით, ბევრი კინოთეატრი სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საფრანგეთში და იტალიაშიც იხურება. ასეთ პირობებში, ფილმის პრემიერის ჩატარება, ფულის წყალში გადაყრა იქნებოდა.

საინტერესოა, რომ დანიელ კრეიგის მონაწილეობით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა, პროდიუსერებს 3.2 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. მათგან ყველაზე შემოსავლიანი „ოპერაცია სკაიფოლია“, რომლის მოგებამაც 1.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.