აზიური კრახი -  წამყვან საფონდო ბირჟებზე რეკორდული ვარდნაა

ახალი სავაჭრო კვირა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ვარდნით დაიწყო. ამის მიზეზი ის პესიმისტური განწყობებია ეკონომიკურ ზარალთან დაკავშირებით, რომელსაც ახალი კორონავირუსი გამოიწვევს.Hang Seng -ის ინდექსმა ბირჟაზე 1012 პუნქტით (3,87%) 25 134-მდე იკლო. უარყოფითმა დინამიკამ მოიცვა ყველაფერი, მათ შორის ე.წ. „ცისფერი ფიშკებიც“. ინვესტორები აქციებს იშორებენ ყველა სექტორში, გარდა ფარმაცევტულისა - China Health Group-ის აქციებზე ფასი 14%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტი კლება ფიქსირდება სანავთობო სექტორში, სადაც Petrochina-ს აქციები 10%-ით გაუფასურდა, 17%-ით CNOOC-ის აქციები, ხოლო 5,85%-ით კორპორაცია Sinopec-ის აქციები.

სერიოზულ ზარალს განიცდიან მაღალი ტექნოლოგიების, მეტალთან და სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიების აქციების ფასი.

ვარდნა ფიქსირდება კონტინენტური ჩინეთის წამყვან ბირჟებზეც.

„შანხაის კომპოზიტის“ ინდექსმა შანხაის საფონდო ბირჟაზე 3,01%-ით იკლო 2943,29 პუნქტამდე.

„შენჟენის კომპონენტმა“ შენჟენის საფონდო ბირჟაზე კი 4,09%-ით 11 108,55 პუნქტამდე დაიკლო.

სერიოზული ვარდნა ფიქსირდება ტოკიოს საფონდო ბირჟაზეც. აქაც ანალოგიურად ნეგატიურ გავლენას ახდენს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია.

ვაჭრობის დაწყებიდან პირველ 15 წუთში იაპონური Nikkei-ის ინდექსი, რომელიც 225 კომპანიის კურსს ასახავს 4,37%-ით 19 842,36 პუნქტამდე შემცირდა, რითაც გაარღვია ფსიქოლოგიური ბარიერი - 20 ათასზე ქვემოთ, რაც პირველად მოხდა 2019 წლის იანვრის შემდეგ.

ამასთან, სერიოზულად დასუსტდა დოლარის კურსი იენთან მიმართებით - 1,51%-ით 104,19-104,2 იენამდე. იენის გამყარება არ აწყობს მსხვილ ბიზნესს, რომლებიც შიდა ბაზარზე არიან ორიენტირებულნი.

კოკა კვირკველია