საქართველოში ამ ეტაპზე კარანტინში 141 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში 51 პირი იმყოფება

საქართველოში ამ ეტაპზე კარანტინში 141 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 51 პირი.

შესაბამის ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

საბჭომ დღეს მორიგი სხდომა გამართა და ინფექციასთან საბრძოლველად ახალი რეკომენდაციები გასცა.

„საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, ამასთან შედარებით გართულებული შემთხვევაც სტაბილურად მიმდინარეობს. პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 51 პირი“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

სხდომაზე ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს, კერძოდ: სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.