სადაზღვევო ორგანიზაციებს სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება მოუწევთ

სადაზღვევო ორგანიზაციებს, რომელთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, სტატუსის შეცვლა და სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება მოუწევთ.

აღნიშნული 2015 წლის 1 ივლისამდე უნდა განხორციელდეს.

სადაზღვევო სფეროში ამ და სხვა მიმართულებით მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები იცვლება, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. "დაზღვევის შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, მზღვეველი შესაძლებელია არსებობდეს ორი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმით: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სახით. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად კი, სადაზღვევო ორგანიზაციები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების სახით. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ახლად შექმნილ მზღვეველებზე კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო დღეს არსებულმა იმ მზღვეველებმა, რომელთა ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, აღნიშნულ მოთხოვნა 2015 წლის 1 ივლისამდე უნდა დააკმაყოფილონ.

როგორც კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილების არსი საქართველო–ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.

გარდა ამისა, მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარუდგინოს. კანონში დაგეგმილი ცვლილებები კი ითვალისწინებს, ანგარიშგების წარდგენას არა მომდევნო წლის 15 მაისამდე, არამედ 15 აპრილამდე. აღნიშნული ვადის შემცირების მიზეზები იმ გარემოებით არის ახსნილი, რომ მზღვეველი წლიურ ანგარიშს სამსახურს 20 თებერვლამდე აბარებს, ხოლო საგადასახადო სამსახურს - 1 აპრილამდე. როგორც ამასთან დაკავშირებით პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ახალი ვადა საკმარისია იმისთვის, რომ მზღვეველმა ფინანსური ანგარიშგება დროულად წარადგინოს.

"დაზღვევის შესახებ" კანონის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებებით სიახლეა ისიც, რომ სადაზვევო ორგანიზაცია ვალდებული იქნება, კონსოლიდირებულ აუდიტირებულ დასკვნასთან ერთად წარმოადგინოს, ცალკე გამოყოფილი, როგორც სამეწარმეო სუბიექტის ფინანსური ანგარიშგება.