უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1900 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა.

„7-8 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 1900 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

სამ ფაქტზე საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო ერთ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.