თბილისის მერიამ გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება დაიწყო

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება დაიწყო. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა ძვირად ღირებული სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსებას ითვალისწინებს.

„ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც ჩვენ ბიუჯეტში გვაქვს, არის დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება. ბიუჯეტის დაახლოებით 28% ამ მიმართულებით იხარჯება. მინდა გითხრათ, რომ თითოეული პაციენტისთვის წლიურად საჭიროა 24 000 ლარი იმ მედიკამენტებისთვის, რომელიც ამ დაავადების მქონე პაციენტებს სჭირდებათ. სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, 100%-ით დაფინანსდებიან, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ მედიკამენტები 80%-ით დაუფინანსდებათ. გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა და მის მკურნალობას საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა სჭირდება. დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს. პროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოქალაქემ განცხადებით თბილისის მერიას უნდა მიმართოს. ადრეულ სტადიაზე აღნიშნული დაავადების მკურნალობა ნიშნავს სრულფასოვან ცხოვრებას, საზოგადოებისგან მოწყვეტისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ. ვისაც ეს პრობლემა აქვს, შეუძლიათ მიმართონ მერიას”,- განაცხადა კალაძემ.