უხანში საკვანძო საწარმოებს მუშაობის განახლების უფლება მიეცათ

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც მკაცრი კარანტინი ახალი კორონავირუსის წარმოშობის გამო გამოცხადდა, საკვანძო საწარმოებს მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამედიცინო საქონლის წარმოება-ვაჭრობა და პირველადი საჭიროებების ობიექტები, ეს ის მიმართულებებია, სადაც დასაქმებულებს მუშაობის განახლება შეუძლიათ. ამასთან, საქმიანობის გაგრძელება შეუძლიათ მოითხოვონ ისეთი ეკონომიკური სექტორის კომპანიებმა, რომელთა მუშაობაზეც გლობალური ქსელებია დამოკიდეული.

ცნობისთვის, უხანი ითვლება ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად. 23 იანვარს ქალაქში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანპორტმაც კი შეწყვიტა.

13 თებერვლიდან კი საქმიანობა აეკრძალა ყველა საწარმოს და დაწესებულებას, გარდა იმ ობიექტებისა, რომელთა მუშაობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ახალი კორონავირუსით COVID-19, ამ დროისთვის 113 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. 10 მარტის ჩათვლით, ჩინეთში ინფიცირების 80 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო მონაცემებით, 4012 ადამიანი დაიღუპა.

ნინი ქეთელაური