პროკურატურა „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის და დირექტორისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დაზარალებულებთან შეთანხმებით და მათი ინტერესების დაცვით, შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის და დირექტორის, ასევე ამავე საზოგადოების დირექტორის საქმის განხილვა, პროკურატურისა და დაცვის მხარეს შორის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებითა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სვეტი დეველოპმენტის“ მიერ დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება. დაპირების მიხედვით, უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რაც არ შესრულდა და 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2018 წლის 28 თებერვლის პერიოდში, შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის და დირექტორის გ.ჯ.-ს და ამავე საზოგადოების დირექტორის თ.ჯ.-ს მიერ, ნდობის ბოროტად მოპოვებისა და შეცდომაში შეყვანის გზით, თაღლითურად დაუფლებულ იქნა მოქალაქეთა მიერ ბინების შესაძენად გადახდილი თანხები.

გ.ჯ. და თ.ჯ. გასამართლდნენ დანაშაულისთვის რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.