"კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები და ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა ლარის კურსზე გავლენას ახდენს"

კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები და ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა ლარის კურსზე გავლენას ახდენს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის რყევას სწორედ ეს პროცესები და მასთან დაკავშირებული მოლოდინები იწვევს.

„აღნიშნული პროცესები იწვევს ლარის ბოლოდროინდელ რყევებს. 15 თებერვლის შემდეგ გვქონდა ლარის გამყარების ტენდენცია, რომელზეც გავლენას ახდენდა ეროვნული ბანკის ძვირი ფულის პოლიტიკა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობები, ასევე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, გავლენას ახდენს და მოახდენს ლარის კურსზე. დაგვჭირდება და ალბათ სავალდებულოც იქნება პარლამენტის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობა ამ რეალობის გათვალისწინებით, რათა ერთის მხრივ მოხდეს პრევენცია და მეორეს მხრივ დავსახოთ გარკვეული გეგმები“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა არის მცირე და ღია, მსოფლიოს ეკონომიკაში ინტეგრირებული, შესაბამისად, მიმდინარე პროცესები მასზე გავლენას იქონიებს.