ამერიკულ ბირჟებზე აქციების ფასი დაეცა

გასული დღის განმავლობაში არსებული ზრდის შემდეგ, ამერიკულ ბირჟებზე აქციების ფასი ისევ დაეცა.

CNN-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში Dow Jones-ის საფონდო ინდექსი 4.1%-ით, S&P 500-ის 3.7%, ხოლო Nasdaq Composite-ის 3.3%-ით შემცირდა.

ამერიკული ბაზრებისთვის განსაკუთრებით რთული მიმდინარე კვირის ორშაბათი აღმოჩნდა, რა დროსაც აქციების ფასები რეკორდულად დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ბირჟებზე მსგავსი ვარდნა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. უფრო კონკრეტულად კი, S&P 500-ის ინდექსი 7%-ით დაეცა, რამაც პროცესის შეჩერება 15 წუთის განმავლობაში გამოიწვია. ამ პერიოდში კი, Dow Jones-ის ინდექცი 7,29%-ით, NASDAQ Composite-ის კი 6,86%-ით შემცირდა.

ბაზრების ჩავარდნა კორონა ვირუსისი გავრცელების ფონზე ხდება, რასაც OPEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების ფაქტობრივად, ჩაშლა დაემატა.

რაც შეეხება ნავთობს, აშშ-ში ნავთობის ფასი 8.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 33.42 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ორშაბათს ნავთობის ფასი 26%-ით შემცირდა.

კორონავირუსის გარვცელების გამო მიმდინარე წელს მსოფლიოში ნავთობის ფასი 40%-ით დაეცა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბექა ბერიაშვილი