ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების და ნავთობის ფასის მკვეთრი კლების ფონზე გამოწვეული მსოფლიო ბაზრების ვადნამ, ბიტკოინსა და მთლიანად ციფრულ ბაზარზე, დომინოს პრინციპით იმოქმედა.

ბიტკოინის ფასი საათებში 24 პროცენტით დაეცა და 6 500 დოლარს ჩამოსცდა. ყველაზე ძვირ ციფრულ ვალუტას, ასეთი მკვეთრი ვარდნა ხუთი წლის წინათ ჰქონდა, როცა 18 პროცენტით გაუფასურდა. ბოლო დღეების განმავლობაში, ბიტკოინის ფასის კლებამ ჯამში 30 პროცენტს მიაღწია.

როგორც წესი, ბიტკოინი რისკებისგან თავშესაფარ აქტივებად არის მიჩნეული, მაგრამ მსოფლიო ბაზრებზე საყოველთაო პანიკის პირობებში, ციფრული ვალუტებისადმი ინვესტორების ნდობაც შეილახა. ამ ფონზე, კვლავ წინა პლანზე წამოიწია ფაქტმა, რომ ბიტკოინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად პრაქტიკულია და ის ძირითადად დაგროვების საშუალებად გამოიყენება.

არადა, წლის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში, ბიტკოინის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით იყო გაზრდილი და კორონავირუსით გამოწვეული პანიკა რომ არა, ზრდის გაგრძელებას ელოდნენ. ასეთი მოლოდინის მიზეზი ისაა, რომ მალე ბიტკოინის მოპოვების ეგრეთ წოდებული გეგმიური განახევრება მოხდება, რასაც მისი გაძვირება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა პანდემიის პირობებში, სურათი რადიკალურად შეიცვალა.