ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „თიბისი ბანკი" დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ დავალიანების გადახდის ორ ვერსიაზე ფიქრობს

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება ლარის კურსზე გავლენას მოახდენს.

„რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ზეგავლენას მოახდენს გაცვლით კურსზე, იმიტომ, რომ კურსი როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებზე რეაგირებს. ამაზე გუშინაც იყო საუბარი შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყანაში, რისთვისაც შესაბამისი ერთობლივი გადაწყვეტის გზები უნდა მოიძებნოს.

აქ რთულ გადაწყვეტილებებზე გვაქვს საუბარი, მაგრამ მიზეზები, რომლებიც არსებობს, მარტივია. უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტურიზმია. დასათვლელია და რეალურად უნდა შევაფასოთ მომდევნო თვეებში რამდენად იქნება ეს შემცირებული. ასევე, ის შემოდინებები, რომლებიც უცხოეთში დასაქმებული ქართველებისგან გვაქვს, მომავალი ორი-სამი თვის განმავლობაში როგორი ვითარება იქნება, ეს უნდა შეფასდეს. კარგია, რომ ნავთობის ფასი შემცირდა, ეს როგორც იმპორტიორმა ქვეყანამ დადებითად შეიძლება შევაფასოთ",-აღნიშნა ბუცხრიკიძემ საკითხის კომენტირებისას.

რაც შეეხება „თიბისი ბანკის" მიერ სესხების შენატანზე დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ აღნიშნული სამი თვის დავალიანების გადახდის საკითხს, ბუცხრიკიძის განმარტებით, ბანკი ორ ვერსიაზე ფიქრობს, დაგროვილი სამთვიანი გადასახადი გადანაწილდება მომდევნო პერიოდზე ან სესხის დასრულების ვადა სამი თვით გახანგრძლივდება.

ცნობისთვის, „თიბისი“ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებელს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს.