კომპანია "თელასში" რიგის მართვის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდა

აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია "თელასის" სათავო ოფისში რიგის მართვის ელექტრონული სისტემა (რმს) კლიენტების რეგისტრაციის ავტომატიზაციისთვის პროგრამული-სააპარატო კომპლექსი დამონტაჟდა.

"თელასის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რიგის მართვის ელექტრონული სისტემა კომპანიის მუშაობის სტრუქტურირებისა და მომხმარებელთა მომსახურების კომფორტული პირობების შექმნის საშუალებას იძლევა. მათივე ინფორმაციით, სისტემა სამუშაო პროცესის სრულ ავტომატიზაციას უზრუნველყოფს, ზრდის ვიზიტორების მომსახურების დონეს, აუმჯობესებს პერსონალის მუშაობის პირობებსა და ეფექტიანობას.

"აღნიშნული სისტემა კლიენტს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ინფორმაცია მომსახურების შესახებ, ამობეჭდოს ტალონი, რომელშიც მითითებულია ელექტრონული რიგით გამოძახების დრო, ჩაეწეროს მიღებაზე და შეაფასოს კომპანიის პერსონალის მუშაობის ხარისხი. აგრეთვე, კომპანიის პერსონალს რმს-ი ეხმარება კლიენტების ნაკადის განაწილების მკაფიო სურათის მიღებაში და მუშაობის სათანადო გრაფიკის შემუშავებაში", - განმარტავენ "თელასში".

მათივე ინფორმაციით, კომპანიის სათავო ოფისში, რომელიც ვანის ქ. №3 –ში მდებარეობს, მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს ახალ აბონენტად, შეცვალოს აბონენტის რეკვიზიტები კომპანიის ბილინგის სისტემაში, მიიღოს ინფორმაცია დავალიანების შესახებ, ისარგებლოს დავალიანების გადანაწილების მომსახურებით, შეიტანოს სხვადასხვა სახის წერილები და განცხადებები.