არის თუ არა სურსათის მარაგი ქვეყანაში? – „სამწუხაროდ, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა  შეინიშნება“

„სამწუხაროდ, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამის მიზეზი პანიკაა, თუმცა, ჭყონიას განცხადებით, ამის მიზეზი და საფუძველი არ არსებობს, რადგან ქვეყანაში სურსათის მარაგი არის და დეფიციტი არ შეიქმნება.

„მოთხოვნის ზრდა სამწუხაროდ, შეინიშნება, თუმცა, პანიკის გარდა, ამის მიზეზი არ არსებობს. პროდუქტის მომარაგება პრობლემა არ არის და ამ კუთხით, სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ქვეყანაში სურსათის მარაგი არის და დეფიციტი ნამდვილად არ შეიქმნება.

რაც შეეხება ლარის კურსს და ფასებს, ახლა ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება. კორონა ვირუსი იმდენად მძიმე ფაქტორია, რომ შეიძლება ითქვას, ცივი ომის პირობებში ვიმყოფებით. მსოფლიო ეკონომიკა ფაქტობრივად იცვლება, მსყიდველუნარიანობა გაცილებით უფრო დავარდება, ნაკლები ტურისტი შემოვა, ამიტომ ასეთ ვითარებაში ფასების მატება კომპანიებისთვის შესაძლოა მომაკვდინებელიც იყოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესისთვის მომგებიანია იმ ფასებში მუშაობა, რაც არის და ეს გრძელვადიან პერიოდში ძალიან მძიმედ აისახება კომპანიებზე.

თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ, რომ მასობრივად მოხდეს ფასის ცვლილება. მაგრამ თუ კურსი ასე შენარჩუნდა, პირველადი მოხმარების პროდუქტზე, რომელიც სწრაფად ლიკვიდურია, როგორიცაა: ბურღულეული, წიწიბურა, შაქარი, ზეთი და ა.შ. უახლეს დღეებში გაძვირებულ ფასებს ვიხილავთ,“-აცხადებს ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ლარმა გაუფასურების ისტორიული რეკორდი დაამყარა. კერძოდ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9942 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3421 ლარია.

თაია არდოტელი