„იფქლის“დასახელების ყველა პროდუქტი სრულ შეფუთვაზე გადადის - გაძვირდება თუ არა პური

კომპანია იფქლის დასახელების ყველა პროდუქტი დღეიდან მაღაზიის დახლებზე მხოლოდ სრულად შეფუთულ, თავმოკრულ მდგომარეობაში გაიყიდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაყვეტილება დირექტორატმა და დამფუძნებელმა ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო მიიღეს.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს. ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეუფუთავი პურის დაბინძურების რისკი მაღაზიებში მაღალია. ჩვენ ვიზიარებთ მომხმარებლების შიშს და მზადყოფნას გამოვთქვამთ სრულად შევფუთოთ ჩვენი წარმოების ის პროდუქტი, რომელიც აქამდე ნახევრად შეფუთული იყიდებოდა ქსელებში. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არსებული ცვლილების ფინანსურ ნაწილს კომპანია სრულად იღებს საკუთარ თავზე. სრული შეფუთვების მიუხედავად, არც ერთი დასახელების პროდუქტზე ახლო მომავალში ფასი არ შეიცვლება.“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი, არისი ბოჭოიძე.

კომპანიის ინფორმაციით, პროდუქტის ახალი შეფუთვების ბეჭდვა უკვე დაწყებულია და ის წარმოებაში ეტაპობრივად, დღეიდან ჩაეშვება. შეფუთვის ახალი დიზაინი მაქსიმალურად არის მიახლოებული ძველ ვიზუალთან, რომ მომხმარებლებმა ადვილად შეძლონ პროდუქტის იდენტიფიცირება. განახლებული ვიზუალით პური შემდეგ ქსელურ მარკეტებში გაიყიდება: ნიკორა, კარფური, სპარი, იოლი, მაგნიტი, ევროპროდუქტები, მადაგონი, GL, უნივერსამი, ასევე, უბნის მაღაზიებში თბილისისა და რეგიონების მასშტაბით.

ასორტიმენტის სრულად შეფუთვის გარდა, ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად კომპანია „იფქლი“ საწარმოში არაგეგმიურ დეზინფექცირებებს ატარებს. ყოველდღიურად სველი წესით მუშავდება კომპანიის კუთვნილი სადისტრიბუციო ავტომობილები და პურის ყუთები. დისტრიბუტორებს გამოყოფილი აქვთ სადეზინფექციო ხსნარები, რომლებსაც ყოველ ობიექტში შესვლამდე და გამოსვლისას იყენებენ. მუშაობის დაწყებამდე ტემპერატურა ეზომება „იფქლის“ თითოეულ თანამშრომელს, ხოლო პროდუქტის შეფუთვა საწარმოში სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.