2019 წელს ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 8.6%-ით არის გაზრდილი

2019 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 992.9 ათასით განისაზღვრა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ 1.2 მილიონ ვიზიტს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.6 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მონაცემებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 530.7 ათასით განისაზღვრა, რაც 10.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

„2019 წელს ვიზიტორების 36.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 55.5 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 29.9 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 16.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.9 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2019 წელს ვიზიტების უმრავლესობა (51.0 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 286.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 208.0 ათასი ვიზიტი თვეში).

2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 153.5 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 3 ლარით და 129.3 ლარს უტოლდება,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი