Wizz Air-ი ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს

Wizz Air-ი შექმნილი სიტუაციისა და სამგზავრო შეზღუდვებიდან გამომდინარე, 2020 წლის 18 მარტიდან 3 აპრილამდე ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს, გარდა ქუთაისი-ბუდაპეშტის ხაზისა. ამის შესახებ ინფორმაციას, კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამოგზაურო შეზღუდვები COVID-19-ის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არის გამოწვეული.

„მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათ ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%-.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები Wizz Air-ის მიზეზით არ არის გამოწვეული, კომპანია ბოდიშს გიხდით ფრენების გადადების გამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისთვის. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს." - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიკა ამირაშვილი