მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ განხორციელდება

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 15 მარტის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოუმბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„1962 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ საჯარო გამოსვლის დროს დააფიქსირა, რომ ,,მომხმარებლები ეს არის უდიდესი ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც რეაგირებას ახდენს და რომელზედაც რეაგირებს ყოველი საზოგადოებრივი და კერძო ეკონომიკური გადაწყვეტილება. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ბირთვი, რომლის შეხედულებებიც ხშირად გაუთვალისწინებელი რჩება”. სწორედ ეს სიტყვები დაედო საფუძვლდად 1985 წელს 15 მარტს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2015 წლიდან ენერგოომბუდსმენის ინიციატივით აღინიშნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ენერგოომბუდსმენის სამსახურის უმთავრესი ამოცანა მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ცნობიერების ამაღლებაა, შესაბამისად, 15 მარტის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ უახლოეს პერიოდში განხორციელდება.