კორონავირუსმა მსოფლიო ავტოინდუსტრია დაამხო

მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში საავტომობილო გაყიდვებმა გლობალურად თითქმის 20%-ით იკლო, რაც რა თქმა უნდა, მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, თებერვალში მთელს მსოფლიოში 5,077 მილიონი ავტომობილი გაიყიდა.

ყველაზე მეტად, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაეტყო ჩინეთის ბაზარს, სადაც ახალი ავტომობილების გაყიდვები თებერვალში 80%-ით შემცირდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. გაყიდვები 10%-ით შემცირდა იაპონიაშიც, 18%-ით კი სამხრეთ კორეაში.

თებერვალში მცირედით იზარალა დასავლეთ ევროპის ბაზარმა, სადაც 6,5%-ით ნაკლები ავტომობილი გაიყიდა, ვიდრე გასული წლის თებერვალში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი კლება 4,5% იყო.

სამხრეთ ამერიკაში 4,5%-იანი კლება, ჩრდილოეთში კი 8,3%-იანი მატება დაფიქსირდა.

2020 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, ახალი ავტომობილების გაყიდვებმა მსოფლიოში 11,565 მილიონი შეადგინა, რაც 14,8%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

კოკა კვირკველია