„მოვუწოდებ ყველა სასურსათო ქსელის მფლობელს, რომ არ მოხდეს სიტუაციის არაკეთილსინდისიერად გამოყენება და ფასების სპეკულაციური ზრდა"

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში სასურსათო პროდუქტების მარაგთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის.

ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან იუწყებიან.

ის მოუწოდებს ყველა სასურსათო ქსელის მფლობელსა და მეპატრონეს, რომ სიტუაცია არაკეთილსინდისიერად არ გამოიყენონ და პროდუქტებზე ფასებს არ გაზარდონ.

„რეგიონში ჩვენ არ გვაქვს რაიმე არსებითი შეფერხება ან გამოწვევა სასურსათო პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა სასურსათო ქსელის მფლობელს, ასევე მეპატრონეებს, რომ არ მოხდეს სიტუაციის არაკეთილსინდისიერი გამოყენება და არ ჰქონდეს ადგილი სპეკულაციურ ზრდას ფასებთან მიმართებაში. არ უნდა მივიღოთ სიტუაცია, როცა მოქალაქეების, ხალხის და ქვეყნის გასაჭირის ხარჯზე ვინმე სპეკულაციურად ახდენდეს ფასების ზრდას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს ჩაერთონ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებში და დაეხმარონ მოქალაქეებს.

„ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გამოხატავს მზადყოფნას ჩაერთოს მოხალისედ ამ პროცესში. თუმცა, ამ დროისთვის ამის საჭიროება არ დგას.

პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ახლა არ არის უიმედობისა და ნიჰილიზმის დრო. პირიქით, არის გვერდში დგომის დრო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანობით შევძლებთ ამ გამოწვევას ძალიან ეფექტურად ვუპასუხოთ და ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.