"სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებში ხუთი საწარმო დაფინანსდა

"სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებში პირველი ხუთი ახალი საწარმო დაფინანსდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხუთი ახალი გადამამუშავებელი საწარმო აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში აშენდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებში პირველი ხუთი გრანტი გასცა: ახალ, ხილის გადამამუშავებელ საწარმოს შპს "კტმ აგრო ქედა" ქედაში, აჭარის რეგიონში 1 მილიონ დოლარად ააშენებს.

გურიაში, ოზურგეთის რაიონში შპს "ანასეულის ექპერიმენტალური ჩაის ფაბრიკა" ხილის გადამამუშვებელ საწარმოს 971 961 აშშ დოლარად ააშენებს.

შპს "ჯი.ენ.კომპანი" სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში თხილის მეორადი გადამამუშავებელი საწარმოს გახსნისთვის 557 412 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

შპს "კტმ აგრო ჩოხატაური" გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ხილის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობისთვის 1 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში კიდევ ერთი თხილის გადამამუშავებელი საწარმო 430 000 აშშ დოლარად აშენდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ "სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" განხორციელება თებერვლიდან დაიწყო. მისი მიზანია დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, ან ძველი უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია.