საქართველოში დღეიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება როგორც თბილისს, ისე რეგიონებსა და საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებს ეხება.

„დღეს ფაქტობრივად გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება. ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე...

საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული და აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ამ ტრანსპორტის დეზინფიცირება და შესაბამისად, აქ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია“, - განაცხადა გახარიამ.