სავალუტო ფონდის წარმომადგენელი - მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კორონავირუსის ეფექტის მონიტორინგის, შეკავებისა და განეიტრალების მიმართულებით

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების დროულ და გადამწყვეტ ქმედებებს კორონავირუსის ეფექტის მონიტორინგის, შეკავებისა და განეიტრალების მიმართულებით, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაქერმა ​განაცხადა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან პროდუქტიულ თანამშრომლობას და მზადაა საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს.

„პირველი რიგის პრიორიტეტი ფისკალური რეაგირების კონტექსტში არის წინა ხაზზე ჯანდაცვის ხარჯების უზრუნველყოფა, ხალხის კეთილდღეობის დაცვა, დაავადებულებზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების შენელება. ქართულ მხარეს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ძლიერი გამოცდილება გააჩნია, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა უცხოური რეზერვებისა და ფისკალური რეზერვების შექმნა. მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკური რეაგირების ნაწილი გახდეს საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტსა და გავლენასთან გასამკლავებლად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან პროდუქტიულ თანამშრომლობას, ღია და კონსტრუქციულ დიალოგს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ შოკის ეფექტისა და გავლენის შესაფასებლად, დროული და გადამწყვეტი ნაბიჯების შესამუშავებლად, რათა პანდემიის ეკონომიკური ეფექტი განეიტრალდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს ამ გამოწვევებით სავსე და რთულ ვითარებაში",-აღნიშნა სელიმ ჩაქერმა.

ცნობისთვის, დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაქერმა ერთობლივ განცხადება გააკეთეს.