ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუ ბაზარზე იქნება სპეკულაციური ფასების გაზრდა, სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუ ბაზარზე იქნება სპეკულაციური ფასების გაზრდა, ამაზე სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

მისივე თქმით, აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

„თუ იქნება სპეკულაციური ფასების გაზრდა, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ეს ჩვენი კანონდებლობით არის განსაზღვრული. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაზუსტების კუთხით, ჩვენი სამნინისტრო ძალიან მკაცრი იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი კვების ობიექტები განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდნენ.

„გუშინ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების შესაბამისად, ძირითად მასობრივი თავშეყრის ადგილებში შეიზღუდა მოსახლეობის ყოფნა, მათ შორის, ეს ეხება კვების ობიექტებს. საზოგადოებრივი კვების ობიექტები უნდა გადავიდნენ განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე. ჩვენ ამაზე გამოვეცით სპეციალური ბრძანება და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ამის აღსრულება. მუდმივი მონიტორინგი იქნება, რომ ეს 100%-ით შესრულდეს. როდესაც ვსაუბრობთ კრიზიულ სიტუაციებზე, აქ საუბარი არაა, რომ ეს შესრულდეს მეტად ან ნაკლებად, ეს უნდა შესრულდეს აბსოლუტურად. გამოირიცხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ისეთი ტიპის მომსახურება, რომელიც გულისხმობს საზოგადოების თავშეყრას. იქნება მიტანის სერვისი დაშვებული, ან საავტობომილო, მაგალითად „მაკდრაივი“ და სხვები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოვახდინოთ ამ კრიზიულ სიტუაციაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.