სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით,ინფლაციის დონემ 1,2 პროცენტი შეადგინა

2014 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1,2

პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სექტემბრის ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,96 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (16,1 პროცენტი) და ხილისა და ყურძნის (15,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; მოცემულ პერიოდში ფასები ასევე გაიზარდა რძის, ყველისა და კვერცხის (6,2 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (1,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 1,5-პროცენტიანი მატება, რაც სექტემბრის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე ფასების 6,1- პროცენტიანმა მატებამ.