„რესტორნების 99% დახურულია“ - რა მდგომარეობაშია სარესტორნო ბიზნესი საქართველოში

„რესტორნების 100%-დან 99% დახურულია“ - ამის შესახებ რესტორატორნების ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, მიტანის სერვისი ვერ ანაცვლებს უშუალოდ ადგილზე მომსახურების სერვისს.

„მიწოდების სერვისზე გადასვლა ლამაზად ჟღერს, მაგრამ დღესდღეობით რეალობაა ის, რომ 100 პროცენტი რესტორნებიდან 99 არის დახურული. შესაბამისად, არ არის საქართველოში განვითარებული მიწოდების სერვისი ისე, რომ ერთი სახის მომსახურებამ ადეკვატურად შეცვალოს მეორე. ჩვენს ბიზნესში დასაქმებული დაახლოებით 100 000 ადამიანიდან 99 პროცენტი დაჯდა სახლში, რადგან რესტორნები აღარ მუშაობს. კიდევ ერთხელ განვმეორდები - მიტანის სერვისი ვერანაირად ვერ ანაცვლებს ადგილზე მომსახურებას.

ახლა თითზე ჩამოსათვლელი კაფე-რესტორანია ისეთი, რომელიც გამოძახების სერვისის ანაბარაა დარჩენილი და ვთვლით, რომ ეს არის მთლიანი ბრუნვის მაქსიმუმ ერთი პროცენტი“, - აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მთავრობა გამოვიდა რეკომენდაციით, რომ სარესტორნო ბიზნესს შეეწყვიტა სტუმრების ადგილზე მომსახურება და მხოლოდ მიტანის სერვისზე გადასულიყო.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე