მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალ ინფიცირებულებზე ეპიდემიოლოგიური ანალიზი არ იციან, ამდენად, უცნობია, რომელი კლასტერია ან ახალი შემთხვევაა თუ არა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალ ინფიცირებულებზე ეპიდემიოლოგიური ანალიზი არ იციან, შესაბამისად, უცნობია, რომელი კლასტერია ან ახალი შემთხვევაა თუ არა. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში არ არიან მოთავსებულები.

„დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაემატა სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი. ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებულები. მათი ეპიდანამნეზს ვერ გეტყვით ზუსტად იმიტომ, რომ ეს ახალი ინფორმაციაა. ეპიდემიოლოგიური ანალიზი ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი კლასტერიდან არის და ახალი შემთხვევაა თუ არა. რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ყველა სტაბილურად არის”, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.