მსოფლიოს საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტების რეიტინგი გამოქვეყნდა - რომელ ადგილზე არის თსუ?

clarivate analytics-მა მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგი - Best Global Universities Rankings 2020 გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებს U.S.News&World Report-ი აქვეყნებს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, რეიტინგში სულ მსოფლიოს 1 500 უნივერსიტეტი მოხვდა, რომელთა შორის ერთი უნივერსიტეტი საქართველოდანაც არის.

კერძოდ, რეიტინგში, თსუ 322-ე ადგილს ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) ინაწილებს. აღსანიშნავია, რომ შარშან თსუ იყო 435-ე ადგილზე, ანუ ის 113 პოზიციით დაწინაურდა.

ორგანიაზაციამ clarivate analytics-მა კვლევის ჩატარებისას 13 ინდიკატორი გამოიყენა, მათ შორის, სწავლების ხარისხი, საერთაშორისო სტუდენტები, უნივერსიტეტის რეპუტაცია და ა.შ.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, თსუ საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის.

„რეიტინგში თსუ ყველა უნგრულ და რუმინულ უნივერსიტეტზე წინ დგას და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტზე უკეთეს პოზიციას იკავებს. რანჟირება 13 კრიტერიუმის მიხედვით ავლენს მსოფლიოს 1500 საუკეთესო კვლევით უნივერსიტეტს 81 ქვეყანაში. კავკასიის რეგიონიდან კრიტერიუმები მხოლოდ თსუ-მ დააკმაყოფილა. მსოფლიოს 325 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის პოსტ-საბჭოთა სივრციდან თსუ-ს გარდა მხოლოდ ორი უნივერსიტეტია: ტარტუს უნივერსიტეტი და მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი,“- ნათქვამია უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

თაია არდოტელი