დავით ნარმანიამ "ჰერმესის" ხელმძღვანელობას დავალებები მისცა

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "ჰერმესის" ხელმძღვანელობას დავალებები მისცა.

როგორც დავით ნარმანიამ "ჰერმესის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველა ადამიანს, ვისაც დასჭირდება კომპანიის მომსახურება, სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

"სასაფლაოების კეთილმოწყობა არის ის დავალება, რომელიც მიიღო "ჰერმესის" ხელმძღვნელობამ. გარდა ამისა, საჭიროა, რომ მოწესრიგდეს გზები, ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული საკითხები დაიხვეწოს, ახალი სარიტუალო სახლები უნდა გაკეთდეს", - აღნიშნა ნარმანიამ. მისი თქმით, ასევე გადასახედია ტარიფების საკითხი.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურები უნდა გამარტივდეს და სწრაფი გახდეს, რათა მოქალაქეებს მომსახურების მისაღებად ლოდონი არ მოუხდეთ.

"ჰერმესის" ხელმძღვანელის მიხეილ ძაგანიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით საკმაოდ ბევრი პრობლემაა. "პრობლემაა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, სამართლებრივი რეგულაციების კუთხით, რომელიც საჭიროებს მოგვარებას, დახვეწას. მაგალითისთვის, ეს არის სასაფლაოებთან მისასვლელი გზების საკითხი, ასევე, ადმინისტრაციული შენობები, კეთილმოწყობის საკითხები", - აღნიშნა ძაგანიამ.