ნოდარ ხადური "კარწახის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი სამცხე- ჯავახეთში შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვარამაძესთან ერთად იმყოფება. მინისტრი საქართველო-თურქეთის საზღვარზე გაეცნო "კარწახის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.

"ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტი, ვინაიდან ის უმოკლესი მანძილით დააკავშირებს თურქეთის ცენტრალურ რაიონებს საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და რუსეთთან. ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან ტვირთბრუნვას. ჩვენი მხრიდან უკვე მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები და მალე, ქართული მხრიდან საბაჟო მზად იქნება ფუნქციონირებისთვის. როგორც კი თურქეთი შეძლებს თავის მხარეს გახსნას საბაჟო-გამშვები პუნქტი, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ მუშაობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დღის განმავლობაში, დაახლოებით, 200-მა ავტომობილმა და დაახლოებით 5 ათასმა ფიზიკურმა პირმა უნდა გადაკვეთოს საზღვარი. საბაჟოს შესაძლებლობა, ბუნებრივია, მეტია, თუმცა ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე საბაჟო ინფრასტრუქტურა ამ დატვირთვით იმუშავებს," - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ.

საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას.