გიორგი გახარია - ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს

ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და ყველა მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

„ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს რომ ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის რთული. ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია“,- განაცხადა გახარიამ.

ნობისთვის, მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს.