რუსეთში ხორბლის ფასი რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში ხორბალზე ფასი რეკორდულად გაიზარდა და მან რუსული ნავთობის ღირებულებასაც გადააჭარბა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი ტონა ხორბალი 170, 5 დოლარამდე გაძვირდა, მაშინ როცა ერთი ტონა URAL-ის ტიპის ნავთობი, დღევანდელი კურსით, 164 დოლარი ღირს. აქამდე რუსულ ბაზარზე ერთი ტონა ხორბალი 155 დოლარი ღირდა.

რუსული ხორბლის ფასის მკვეთრი მატების მიზეზად პროდუტზე გლობალური მოთხოვნის ზრდა და რუბლის შესუსტება სახელდება.

მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის მოთხოვნა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 6-7% –ით გაიზარდა, ხოლო ნავთობის ფასი დაეცა იმ დონემდე, რაც ადრე კრიზისების დროს იყო დაფიქსირებული.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუსეთში სასოფლო-სამეურნეო წარმოება გაორმაგდა. 2019 წლის ბოლოს, რუსეთიდან სოფლის მეურნეობის ექსპორტმა 25 მილიარდ დოლარს მიაღწია და 2000 წელთან შედარებით 20-ჯერ გაიზარდა.

ამასთან, 2020 წლის 17 მარტის მდგომარეობით ექსპორტი განხორციელდა 40.6 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც შეესაბამება გასული სეზონის ექსპორტის დონეს.