„გორის წისქვილკომბინატი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ფქვილით მთელ საქართველოს ამარაგებს, მარაგის პრობლემა არ დგას"

გორის წისქვილკომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს, პურის ფქვილის პრობლემა არ დგას, - ეს განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გორში მოქმედ წისქვილკომბინატში მუშაობის პროცესს და არსებულ რესურსებს გაეცნო.

„დეტალურად გავეცანით წარმოების პროცესს, არსებულ რესურსებს, მარაგებს და შემიძლია გითხრათ, რომ ფქვილის მარაგის პრობლემა არ დგას, მოსახლეობას ამ მხრივ შეფერხება არ ექნება. რაც მთავარია, უახლოეს დღეებში, საწარმო კიდევ 10 000 ტონის დამატებას გეგმავს“, - აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.

მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოებიდან ყოველდღიურ რეჟიმში გაიცემა საკვები მოსარგებლეებზე, ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.