ნავთობი 5 პროცენტით გაძვირდა

მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ შეერთებული შტატები, კორონავირუსის ეპიდემიისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად, 2 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს, ბარელი ნავთობის ფასმა 5 პროცენტით მოიმატა.

ფედრეზერვმა ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც კორპორაციული ბონდების შესყიდვას და ამგვარად, დიდი კომპანიების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა კი იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის მხარდაჭერის სამთავრობო გეგმა დამტკიცდება.

ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბაზარზე ოპტიმისტური განწყობა დაბრუნებულიყო. კერძოდ, ინვესტორებს გაუჩნდათ იმის იმედი, რომ ამერიკის მთავრობის გადამჭრელი ზომების წყალობით, ეკონომიკა სწრაფად დადგება ფეხზე და ბაზარზეც ნავთობის შესყიდვა გაიზრდება.

თუმცა, „კომერცბანკის“ ანალიტიკოსი ეუჯენ ვაინბერგი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ასე დიდხანს არ გაგრძელდეს და ყველაფერი კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

ასეა თუ ისე, ბრენტ მარკის ნავთობის (ბარელის) ფასი 28.41 დოლარამდე გაიზარდა. არადა, ჯერ კიდევ ოთხშაბათს, მისი ფასი 24.52 დოლარი იყო. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა კი 24.90 დოლარს მიაღწია.

ნავთობის ფასის ზრდას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ფედრეზერვის მიერ ეკონომიკის სტიმულირების ახალი პროგრამის გამოქვეყნებას დოლარის ინდექსის კლება მოჰყვა. ამან კი სასაქონლო ბაზარზე ფასების აწევა გამოიწვია.

საერთო ჯამში, ნავთობის ფასი წელს დაახლოებით განახევრებულია. ეს კი საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის საფასო ომს მოჰყვა. საუდეთის ინიციატივით, OPEC-ს (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ნავთობის მიწოდების შეკვეცის გაფართოება სურდა, რასაც რუსეთი არ დაეთანხმა. ამას კი საუდეთის მხრივ, ბაზარზე ნავთობის იაფად გამოტანა მოჰყვა. სწორედ ამან დააგდო ფასები.

უფრო მეტიც, საუდის არაბეთი ნავთობის ექსპორტის ზრდას გეგმავს, რაც ბაზარზე მიწოდების სიჭარბეს კიდევ უფრო გაზრდის. ამას კი ნედლეულზე ფასის კლება მოჰყვება.