საქართველოს ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგი აქვს - როგორ აისახება ქართულ ბაზარზე რუსული ხორბლის გაძვირება

ხორბლის მარაგები გვაქვს, დაახლოებით, 2 თვეზე მეტი სამყოფი. რაც შეეხება რუსეთში ფასების ზრდას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ 2 კომპონენტია, რომელიც ვითარებას დაარეგულირებს - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის, რუსულ ხორბალზე ფასის რეკორდულ ზრდას გამოეხმაურა. კერძოდ, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თუ აქამდე რუსულ ბაზარზე ერთი ტონა ხორბალი 155 დოლარი ღირდა, ახლა 170, 5 დოლარამდე გაძვირდა.

რუსული ხორბლის ფასის მკვეთრი მატების მიზეზად პროდუქტზე გლობალური მოთხოვნის ზრდა და რუბლის შესუსტება სახელდება. მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის მოთხოვნა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 6-7%-ით გაიზარდა.

რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. შესაბამისად, საქართველოშიც ხორბლის ძირითადი ნაწილი სწორედ რუსეთიდან შემოდის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მოცულობის ხორბლის მარაგები აქვს საქართველოს და რა მოხდება მისი ამოწურვის შემდეგ. კერძოდ, როგორ აისახება რუსული ხორბლის გაძვირდება ადგილობრივ ბაზარზე, მოიმატებს თუ არა პურ-პროდუქტების ფასი?

ლევან სილაგავა: „მარაგები გვაქვს დაახლოებით, 2 თვეზე მეტი სამყოფი. რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე ფასების ზრდას. გეთანხმებით, გაძვირდა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ორი კომპონენტია, რომელიც ვითარებას დაარეგულირებს. ერთი - ფასი გაიზარდა, ამის ერთ-ერთი მიზეზია აჟიოტაჟი კორონავირუსის გამო, თუმცა ივნისში რუსეთში მოსავლის პერიოდი იწყება. შესაბამისად, ცოტახანში ეს აჟიოტაჟი ჩაცხრება, რასაც მოსალოდნელი საკმაოდ კარგი მოსავლის პერიოდი დაემატება და ვფიქრობთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობას 9 პროდუქტზე მიღებული აქვს სავალუტო გადაზღვევის მექანიზმი. როდესაც 1 დოლარის ღირებულების პროდუქტი, 3 ლარის ღირებულებად შესაძლებელია, რომ შევიძინოთ. შესაბამისად, ეს გარკვეული დაზღვევა იქნება იმისა, რომ ამ კალათაში შემადგენელ პროდუქტებზე: ხორბალზე, ბრინჯზე, წიწიბურაზე, რძის პროდუქტებზე და აშ. ფასები დაბალანსდეს“,-აცხადებს ლევან სილაგავა.

ნინი ქეთელაური