მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებს საფრთხე არ ემუქრება - ბანკების ასოციაცია პირადი მონაცემების ჰაკერების საიტზე გავრცელებაზე

„ის მონაცემები, რაც ჰაკერების საიტზე გამოქვეყნდა, საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს და არც სესხის აღებისთვის არის საკმარისი,“ - ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტებისთვის ცნობილია და საკითხს კიდევ უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას.

„ეს ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტებისთვის უკვე ცნობილია. თუმცა, ის მონაცემები, რაც გამოქვეყნდა, ანგარიშების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს და არც სესხის აღებისთვის არის საკმარისი. ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი, რომ ხელმისაწვდომი გახდეს თქვენი ინტერნეტ-ბანკი. თუმცა, რა თქმა უნდა, მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ, რომ არავის მიაწოდონ პირადი ინფორმაცია ინტერნეტ-ბანკის წვდომასთან დაკავშირებით, როგორიც არის პაროლი და მომხმარებლის სახელი,“- აღნიშნა ძნელაძემ.

შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს - პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების ფორუმზე გავრცელების შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილია და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

თაია არდოტელი