მაია ცქიტიშვილის განცხადებით, როცა 14-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მლრდ-ს გამოყოფა ხდება, გარკვეულ პროგრამებზე თანხების შემცირება მოხდება

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, როდესაც 14-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მილიარდის გამოყოფა ხდება, გასაგებია, რომ მთელი წლისთვის დაგეგმილ ინიციატივებსა და ღონისძიებებზე თანხების შემცირება მოხდება.

კითხვაზე, როგორ და რა მიმართულებით მოხდება ეკონომიკის მხარდასაჭერად გამოყოფილი 2 მილიარდის გამოყენება, ცქიტიშვილი პასუხობს, რომ როდესაც კორონავირუსის გამო გამოწვეული სიმძიმის შესწავლა მოხდება, შემდეგ გახდება ცნობილი, რა ტიპის დახმარებას შესთავაზებს მთავრობა მოქალაქეებსა და ბიზნესს.

“გარდა 2 მილიარდი ლარისა, რომელიც გამოყოფილია მოქალაქებიისა და ბიზნესის მხარდაჭერაზე, გუნდმა ასევე გამოყო 351 მილიონი, რომელიც მიმართული იქნება უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებზე. ეს გულისხმობს როგორც სამედიცინო სერვისისთვის დამატებით აღჭურვას, ასევე დამატებით ღონისძიებებს სხვადასხვა უწყებაში, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ამ საგანგებო ვითარებასთან და ვითარების მართვასთან.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 14-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მილიარდის გამოყოფაზე, გასაგებია და გვესმის, რომ ძალიან ბევრი ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა გაჟღერებული მთელი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული და რომელიც სრულდება, ასევე მიმდინარე და ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც იყო გათვალისწინებული, ჩვენ მოგვიწევს ამ მუხლების ნაწილში ხარჯების შემცირება. კრიზისული ბიუჯეტი, როგორც წლის ბიუჯიტი, საბოლოო ფორმას მიიღებს მას შემდეგ, რაც ჩვენ გვეცოდინება პერიოდი, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება დაავადებასთან ბრძოლისთვის და როდესაც გვეცოდინება ის სიმძიმე, რომელიც დააწვება ბიზნესის ამა თუ იმ სექტორს. შესაბამისად, იმ ღონისძიებების მოცულობა, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ შევთავაზოთ კერძო პირებს, ჩვენს მოქალაქეებსა და ბიზნესს”, - განაცხადა მინისტრმა.