ნოდარ ხადური: შრომის ანაზღაურების მხრივ საჯარო სექტორი კერძო სექტორთან კონკურენციაშია

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, შრომის ანაზღაურების მხრივ საჯარო სექტორი კერძო სექტორთან კონკურენციაშია.

ხელფასების თემაზე ხადურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. მინისტრის განმარტებით, 138 მილიონი ლარიდან, რომლის ფარგლებშიც გასული წლის ბიუჯეტით შრომის ანაზღაურება გაიზარდა, დაახლოებით 100 მილიონი ლარი სამართალდამცავი სტრუქტურებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შრომით ანაზღაურებას მოხმარდა. მისივე თქმით, პრემიები შემცირდა 14 მილიონი ლარით.

"იმის მიუხედავად, რომ თითქოს, ერთი შეხედვით საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება, ის კერძო სექტორში ხელფასის ოდენობას ჩამორჩება. ფინანსთა სამინისტროს შიგნით არის დარგები, რომელთა დაკავშირებითაც იძულებული ვართ კარგ კონკურენციაში ვიყოთ კერძო სექტორთან, მათ შორის შრომის ანაზღაურების თვალსაზრისით. მაგალითად, შემოსავლების სამსახურში მომუშავე აუდიტორი უნდა იღებდეს იმასთან მიახლოებულ შრომის ანაზღაურებას, რასაც კერძო აუდიტორი იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე დავრჩებით, რაც ქვეყანას გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდება", - განაცხადა ხადურმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.