არასაბანკო საფინანსო სექტორიდან მოგების ყველაზე დიდი ოდენობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გამოირჩევა

2013 წლის ბოლოსთვის არასაბანკო საფინანსო სექტორიდან გაცემული სესხების და მოგების ყველაზე დიდი ოდენობით კვლავ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გამოირჩეოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ”საზოგადოება და ბანკების” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები იძლევა. მათივე ცნობით, მეორე ადგილზე ლომბარდები დგას გაცემული სესხების 311 მლნ ლარისა და მოგების 22 მლნ ლარის ოდენობით, მესამე ადგილზე კი საკრედიტო კავშირებია, სადაც გაცემული სესხები 5 მლნ ლარს, მოგება კი - (-17) ათას ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საბანკო და არასაბანკო ფინანსური სექტორის მონაცემების ზრდის საშუალო მაჩვენებლებს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ისინი ასეთია: აქტივების ყველაზე დიდი ზრდის ტემპით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გამოირჩევა. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა, საშუალოდ, 1,5-ჯერ გაიზარდა. მეორე ადგილზე საკრედიტო კავშირები დგას, 1,4 -იანი მაჩვენებლით, მესამე ადგილზე კი კომერციული ბანკებია - 1,2-იანი მაჩვენებლით.

რაც შეეხება მოგების საშუალო ზრდის მაჩვენებლებს, აქ პირველ ადგილზე კომერციული ბანკები დგას, მეორეზე - საკრედიტო კავშირები, მესამეზე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. გაცემული სესხების ზრდის მაჩვენებლით, პირველი ადგილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს (1,5) უკავია, მეორე ადგილზე საკრედიტო კავშირები დგას 1,4-იანი მაჩვენებლით, მესამე ადგილზე კი კომერციული ბანკები - 1,2-იანი მაჩვენებლით.

იმავე კვლევაზე დაყრდნობით, არასაბანკო ფინანსური სექტორიდან საკრედიტო კავშირები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულირებადია. ლომბარდები, ონლაინ კავშირები და მევახშეები კი - არა. 2013 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 1031 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა. 2013 წლის განმავლობაში ლომბარდში მსესხებელთა რაოდენობა კი 682 ათასით განისაზღვრა, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა ფიზიკური პირია.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით, აუქციონის წესით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მთლიან რეალიზაციაში, კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდულ უძრავ ქონებას ყველაზე დიდი წილი - 65. 44% უკავია.