"ალიანს ჯგუფი" : სავიზო რეჟიმის ცვლილებები ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს

სავიზო რეჟიმის ცვლილებები ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს, - ამის შესახებ ჰოლდინგ "ალიანს ჯგუფის" დირექტორმა აიეტ კუკავამ ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კუკავას ინფორმაციით, ეს საკითხი, ისევე როგორც უცხოელთათვის მიწის საკუთრებაში გადაცემაზე საკანონმდებლო ცვლილებები, ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე პრეზიდენთან ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო.

"სავიზო რეჟიმის შეცვლა ძალიან მოულოდნელი იყო, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, აფერხებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში. პრეზიდენტმა საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა ამ საკითხებზე და დავინახეთ, რომ პოზიცია აქვთ, ბიზნესისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას", - განაცხადა კუკავამ. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა თქვა იგივე, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ახალი სავიზო რეგულაციები შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს.

კუკავას ინფორმაციით, სავიზო რეჟიმის გამკაცრებით პრობლემები შეექმნა "ალიანს ჯგუფის" რამდენიმე ინვესტორსაც, გარდა ამისა, კომპანიები ვეღარ ახერხებენ, უცხოელი პროფესიონალების დაქირავებას, რაც მათთვის ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.

საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა.