"თელასმა" ქვესადგურში "დიდუბე-220" რეკონსტრუქციის სამუშაოები დაასრულა

კომპანია "თელასმა" ქვესადგურში "დიდუბე-220" 6/10-კილოვოლტიანი სექციის რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით 16 500 აბონენტს უზრუნველყოფს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქვესადგურში 6-კილოვოლტიან დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობებზე მოძველებული ზეთოვანი ამომრთველები თანამედროვე ვაკუუმური ამომრთველებით შეიცვალა, ასევე განახლდა საკაბელო მეურნეობა და დასრულდა ყველა სამშენებლო სამუშაოები.

"ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა ქვესადგურის მართვა და კონტროლი, გაიზარდა მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უსაფრთხოების დონე, ამაღლდა ქვესადგურის მუშაობის ეფექტიანობა, რაც საბოლოო ჯამში დიდუბის რაიონის აბონენტების ელექტრომომარაგების საიმედოობას და ხარისხს გააუმჯობესებს", - აცხადებენ კომპანიაში.