Facebook-ი ჯგუფური ვიდეოზარების სერვისს Messenger Rooms-ს ქმნის

Facebook-მა ჯგუფური ვიდეოზარების სერვისის Messenger Rooms-ის გაშვება დააანონსა. ამის შესახებ თავად კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, რეალურ დროში ვიდეოზე მოთხოვნა გაიზარდა და აღნიშნული სერვისის გაშვების იდეაც აქედან გამომდინარე გაჩნდა.

„ჩვენ და Facebook-ი ვცდილობთ გავაკეთოთ ისე, რომ თქვენ არ გრძნობდეთ ადამიანების მონატრებას, ვინც თქვენთვის სულერთი არ არის“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, Meseenger Rooms-ი საშუალებას მოგცემთ, ერთდროულად 50-მდე ადამიანი მოიწვიოთ. ამასთან, შეზღდული არ იქნება ზარების ხანგრძლივობაც.

Facebook-ში ასევე, აცხადებენ, რომ აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვოდმი იქნება Instagram Direct, WhatsApp და Portal-შიც.

პირველ ეტაპზე ახალი სერვისი აშშ-ში რამდენიმე დღეში გამოჩნდება. როდის გახდება Rooms-ი ხელმისაწვდომი გლობალურად, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასული კომპანიები ვიდეოკონფერენციებისთვის Zoom-ის მომსახურებას იყენებენ. როგორც Business Insider-ი წერს, COVID-19-ის პანდემიამდე Zoom-ის სერვისით მსოფლიოში 10 მლნ ადამიანი სარგებლობდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 300 მლნ-მდე გაიზარდა.