რა დრო დასჭირდება სარესტორნო ბიზნესს პანდემიამდე არსებული მდგომარეობის დასაბრუნებლად - ასოციაციის პროგნოზი

ქვეყანაში კორონავირუსის გავცელებამ სხვა სექტორებთან ერთად, სარესტორნო ბიზნესიც მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სარესტორნო ბიზნესს სავარაუდოდ, ერთი წელი მაინც დასჭირდება, რომ დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, რომელშიც კორონავირიუსის გავრცელებამდე იყვნენ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რესტორნების და კაფეების 95% დახურულია, დარჩენილი 5% კი, მიტანის სერვისს ახორციელებს.

ცნობისთვის, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 20 მარტიდან ყველა კვების ობიექტი დაიხურა. შეზღუდვების შერბილების ფარგლებში კი, მათი გახსნა ეტაპობრივად, ორკვირიანი შუალედებით მოხდება. კერძოდ, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები 8 ივნისიდან გაიხსნება, ხოლო ყველა სხვა ობიექტი 22 ივნისიდან.

„ჩვენს ასოციაციაში დაახლოებით, 150 რესტორანი და კაფეა გაერთიანებული, როგორც თბილისის, ისე რეგიონის მასშტაბით. ამ პერიოდის განმავლობაში, რესტორნების 95% დაკეტილია, ხოლო 5% მუშაობს მიტანის სერვისზე. თუმცა, მაგალითად, „მაკდონალდსი“ მუშაობს გამოძახებაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, რამდენი ადამიანიც მანამდე, ადგილზე სარგებლობდა მათი პროდუქციით, ამას ვერ შეავსებს.

ამ დროისთვის არსებულ ზარალს კონკრეტულ ციფრებში ვერ გეტყვით, თუმცა, საკმაოდ დიდია. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, სარესტორნო ბიზნესს ალბათ, 1 წელი მაინც დასჭირდება, რომ დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, რომელშიც კორონავირიუსის გავრცელებამდე იყვნენ“,-ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

რაც შეეხება მთავრობის სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც რესტორნების ამუშავების თარიღები უკვე ცნობილია, კოტე გაბრიჩიძე იმედოვნებს, რომ პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

„რესტორნების გვიან გახსნა, რასაკვირველია, ზარალს კიდე უფრო გაზრდის. მთავრობა ჩვენთან საკმაოდ აქტიურად მუშაობს, პროცესის შედარებით დაჩქარებასთან დაკავშირებით. რამდენად გამოვა, ეს მეორე საკითხია. თუმცა, კომუნიკაცია ნამდვილად არის და იმედი გვაქვს, რომ დაჩქარდება, ან მიღებული იქნება რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის გაადვილებას“,-ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

ნინი ქეთელაური
როგორ ეხმარებიან პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებს მეზობელი და ბალტიის ქვეყნები - სტუმულირების პაკეტები EPRC-ის მიმოხილვაში
ნიშნავს თუ არა საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის დაწესება ხელფასის ზრდას - ფინანსთა სამინისტროს განმარტება
ევროკავშირში მოგზაურებისთვის შესაძლოა, COVID პასპორტები გაიცეს