გაგვიძვირდა თუ არა სესხი 3 თვიანი გადავადების შედეგად?

Covid-19 თან დაკავშირებული კრიზისის გამო, ბანკებმა თავიანთ მსესხებლებს შესთავაზეს, რომ სესხები 3 თვით გადაევადებინათ.

16 მარტიდან დაიწყეს ბანკებმა მომხმარებლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია და დეტალური ინფორმაციის მიწოდება 3 თვიან საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით. ალბათ, თქვენც მიიღეთ სმს ან ზარი, სადაც გეკითხებოდნენ - გინდოდათ თუ არა სესხის გადავადება და სისტემაში ჩართვა. არსებული კრიზისული პერიოდის გათვალისწინებით მომხმარებელთა უმეტესობა დათანხმდა ამ პირობებს.

საინტრესოა, რამდენად გააძვირებს 3 თვით გადავადება სესხის გადასახდელ თანხას?

განვიხილოთ მაგალითი: ვთქვათ, არსებული გრაფიკით, თვეში გიწევდათ 1000 ლარის გადახდა, საიდანაც, 200 ლარი არის პროცენტი. სესხის 3 თვიანი გადავადების შემთხვევაში, მარტი, აპრილი და მაისი არ იხდით სესხთან დაკავშირებულ არანაირ გადასახადს - არც ძირ თანხას და არც პროცენტს, თუმცა, რეალურად, ამ სამ თვეზე მაინც გერიცხებათ პროცენტი – 3*200 = 600 ლარი. ეს თანხა ისევ თქვენ უნდა დაფაროთ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ. დიახ, თქვენი სესხი ამ შემთხევევაში გაძვირდება 600 ლარით.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - როგორ უნდა გადავიხადოთ ეს დარიცხული პროცენტი?

ბანკი მთელ ამ დარიცხულ პროცენტს გადაგინაწილებთ დარჩენილ თვეებზე. ვთქვათ, თუ სესხის დასაფარად დარჩენილი გაქვთ 12 თვე, ამ შემთხვევაში 600 ლარი გადანაწილდება ამ 12 თვეზე, შედეგად კი ყოველთვიურად გადაიხდით 50 ლარით მეტს, ვიდრე გრაფიკით უნდა გადაგეხადათ.

ზემოთ მოყვანილი მაგალითი რომ განვაგრძოთ, თუ ივნისში გრაფიკით უნდა გადაგეხადათ პროცენტი 200 ლარი, სესხის გადავადების არჩევის შემდეგ, შესაბამისად, გადაიხდით – 250 ლარს. როგორც ვხედავთ, გადავადების შემთხვევაში სესხი გაძვირდება, თუმცა, კრიზისის ფონზე სტაბილური შემოსავლის დაკარგვის შემდეგ, მსესხებლებს სხვა არჩევანი არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ბანკს საკუთარი დარიცხვის პირობები/პოლიტიკა აქვს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ 3 თვიანი შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, ყველა ბანკი დაგვარიცხავს 3 თვის პროცენტს, თუმცა გადახდის პირობები სხვადასხვა ბანკში, შესაძლოა, განსხვავებული იყოს. მაგალითისთვის განხივილოთ:

თიბისი ბანკი

თიბისი ბანკის შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:

· იპოთეკური

· სამომხმარებლო სესხები

· სასწრაფო სესხი, ავტოსესხები

· განვადება, საკრედიტო ბარათები

· ოვერდრაფტი

· ლომბარდი

· სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგროსესხები.

საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიური გადასახდელი თანხა გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის და დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე. თუ, მაგალითად, მარტი, აპრილი, მაისის პერიოდში ჯამურად გიწევდათ, ვთქვათ, 700 ლარის გადახდა და სესხის დაფარვის ვადა გქონდათ 2021 წლის დეკემბრამდე, ეს 700 ლარი ივლისიდან გადანაწილდება ყოველ თვეზე 2021 წლის დეკემბრამდე და ამ გზით დაფარავთ თანხას. ანუ, გადახდის პერიოდი არ გაგიხანგრძლივდებათ, გაგეზრდებათ ყოველთვიურად დასაფარი თანხა.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:

· სამომხმარებლო სესხებს;

· იპოთეკურ სესხებს;

· ავტოსესხებს;

· ექსპრეს სესხებს;

· განვადებებს;

· სალომბარდე სესხებს;

· საკრედიტო ბარათებს;

· ოვერდრაფტებს;

· ფიზიკური პირის ბიზნეს ექსპრეს სესხებს;

ანალოგიურად მოხდება „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაშიც - ყოველთვიური გადასახდელი თანხა გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, გადახდის პერიოდი კი არ შეიცვლება.

ლიბერთი ბანკი

„ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლებისთვის, თიბისი და საქართველოს ბანკის მსგავსად, არ შეიცვლება სესხის დაფარვის პერიოდი, თუმცა გაიზრდება ყოველთვიურად დასაფარი თანხა - საშეღავათო 3 თვის განმავლობაში დარიცხული პროცენტი დარჩენილ თვეებზე გადანაწილდება.

მაგალითად, თუ მარტი, აპრილი, მაისის განმავლობაში გიწევდათ ჯამში, 700 ლარის გადახდა და სესხის დაფარვის ვადა გქონდათ 2021 წლის დეკემბრამდე, ეს 700 ლარი ივლისის თვიდან გადანაწილდება ყოველ თვეზე 2021 წლის დეკემბრამდე და ამ გზით დაფარავთ თანხას.

ვითიბი ბანკი

თითქმის ყველა სესხს შეეხება საშეღავათო პერიოდი „ვითიბი ბანკშიც“, მიუხედავად იმისა, რომელ ვალუტაშია აღებული სესხი.

„ვითიბი ბანკში“ სესხის გადავადების შემთხვევაში კლიენტს ყოველთვიურ გადასახადს არ გაუზრდიან, თუმცა გახანგრძლივდება გადახდის დრო არა სამი, არამედ, ვთქვათ, 5 და მეტი თვით – სესხის მოცულობიდან გამომდინარე.

მაგალითად, თუ 1000 ლარის გადახდა გიწევთ მარტში, საიდანაც 200 ლარი არის პროცენტი, გადავადების შემთხვევაში, გადახდას გააგრძელებთ ივნისიდან – არსებული გრაფიკის მიხედვით და არსებული ყოველთვიური გადასახადის ოდენობის გადახდით, თუმცა ამ 600 ლარს გადაიხდით დამატებით ერთ ან ორ თვეზე გადანაწილებით. ანუ, გადახდის პერიოდი გაგიხანგრძლივდებათ, ყოველთვიურად დასაფარი თანხა არ შეიცვლება.

კრედო ბანკი

საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტების გადახდა მოხდება გადახდების განახლების პირველივე თვეში (ანუ ივნისში).

მაგალითად, თუ ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტი შეადგენდა 200 ლარს, 3 თვიანი გადავადებით სარგებლობის შემთხვევაში დარიცხული პროცენტის მოცულობა იქნება 600 ლ. სესხის გადახდების განახლების პირველივე თვეში მოგიწევთ ამ დაგროვილი 600 ლარის დამატებით გადახდა.

(R)