„საქართველოში მანკიერი პრაქტიკაა - მოდიან გავლენიანი ადამიანები და ხელშეწყობის სანაცვლოდ, ფულს ითხოვენ“

„საქართველოში მანკიერი პრაქტიკაა - მოდიან გავლენიანი ადამიანები და ხელშეწყობის სანაცვლოდ, ფულს ითხოვენ“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბიზნესმენმა გიორგი მუხიგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას არ ესმის ბიზნესის და მხოლოდ მსხვილ ბიზნესებს უსმენს.

„მთავრობას არ ესმის ბიზნესის, არავინ დაინტერესებულა შეესწავლა მცირე ბიზნესები, რომელზეც ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნახევარი დგას. მაგალითად, ბეტონის ქარხნების გაჩერება აბსურდულად მეჩვენება, ჩემ შემთხვევაში ქარხანაში ერთი ადამიანი მუშაობდა, არც ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი და არაფერი. პორტატულ ბეტონის ქარხნებში ძირითადად 1 ან 2 ადამიანი მუშაობს და როგორ შეიძლება ასეთი საქმიანობის გაჩერება. მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობა უსმენს მხოლოდ მსხვილ ბიზნესებს.

საქართველოში არის მანკიერი პრაქტიკა - მონდომებული ადამიანებისთვის ხელის შეშლის პრაქტიკა. მოდიან გავლენიანი ადამიანები და თუ ხელშეწყობა ასე ვთქვათ „მწვანე“ გინდა, უნდა გაითვალისწინო მათი პროცენტული წილები საქმიანობაში ანუ ფული უნდა მისცე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითომ სოფელია წინააღმდეგი და ა.შ. მაგალითად, ჩემთან მოსული იყო ერთ-ერთი სამხარეო პოლიციის უფროსის მამა, რომელმაც მომთხოვა ინტერესების გათვალისწინება, ეს ხდებოდა კორონავირუსამდე და ახლაც იგივე გრძელდება.

ახლა აჭარაში მაქვს კარიერი და აჭარის მთავრობა არ მაძლევს დამუშავების გეგმას, რომ მოვიპოვე იქ ლოდები, წავიღო და მდინარეში ნაპირსამაგრი სამუშაობი განვახორციელო. ამის შესახებ, ინფორმირებულია ეკონომიკის და პრემიერ-მინისტრი, თუმცა, წერილებზე არანაირი რეაგირება არ არის. აჭარიდან ყველა ბიზნესმენს გამოქცევა უნდა, 2-3 ბიზნეს ჯგუფის გარდა, რომლებიც ბრუნვაში უკვე 80-100 მილიონ ასრულებენ წლიურად, მათ ვერ ეხებიან და წვრილ ბიზნესს ანადგურებენ,“-განაცხადა მუხიგულაშვილმა.

თაია არდოტელი