რუსეთში მილიარდერი დმიტრი ბოსოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის 2020 წელს Forbes-ის მონაცემებით, უმდიდრესი ადამიანების ასეულში 86-ე ადგილს იკავებდა. გამოცემა rbc.ru-ს ცნობით, ბიზნესმენმა თავი მოიკლა. 52 წლის ბოსოვი ანტრაციტისა და ნახშირის მომპოვებელი კომპანია "ალტეკის" უმსხვილესი აქციონერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც მის მიერვე დაფუძნებულ ჯგუფ "სიბანტრაციტსა" და "ვოსტოკუგოლს" აკონტროლებს.
გამოცემის ცნობით, რუსი ოლიგარქი 1,1 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა.
ბოსოვი 1968 წელს ბარნაულში დაიბადა. 1991 წელს მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და მალევე ჩაერთო ვაჭრობის სფეროში. აღსანიშნავია რომ, ბიზნესში პირველი ნაბიჯები საქართველოს ყოფილ პრემიერთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადადგა - რუსულ წყაროებში იძებნება ინფორმაცია, რომ 90-იან წლებში ის გახდა კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის აქციონერი ბორის (ბიძინა) ივანიშვილთან ერთად. 1997 წლიდან 2000 წლამდე ბოსოვი ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, 2000 წელს დააფუძნა ჯგუფი "ალტეკი".
აღსანიშნავია რომ, პოლიტიკაში მოსვლის პირველ პერიოდში ალუმინის ქარხანაზე საუბრისას ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ როგორც კი ვითარება სახიფათო გახდა, მან იქ წილები ოცმაგ ფასად გაყიდა. საუბრობდა, როგორ დახვდნენ მის პარტნიორს კრასნოიარსკის აეროპორტში ბანდიტები, ადგილობრივ სასაფლაოზე წაიყვანეს და ის ხალხი შეახსენეს, ვინც "ალუმინის ომებს" შეეწირა:
"იმ დროის ისტორიას რომ გადავხედოთ, რამდენი დაიღუპა, რამდენმა დაკარგა თავისუფლება, ღმერთო ჩემო! ჩემი მთავარი ღირებულება თავისუფლება და სიცოცხლეა" - ასე ხსნიდა ივანიშვილი ალუმინის ბიზნესიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება ბოსოვის კომპანია "სიბანტრაციტს", როგორც rbc.ru-ს წერს, ის ჰოკეის მოყვარულთა კლუბის "ღამის ჰოკეის ლიგა" გენერალური სპონსორია, რომლის მატჩებშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი მონაწილეობენ. ბოსოვი, მიშუსტინთან ერთად, კიდევ ერთ მოყვარულთა ნაკრებში, "სპორტიმას" შემადგენლობაში თამაშობდა.
რუსული მედია წერს, რომ ბიზნესმენი და მსხვილი აქციონერი მოსკოვთან ახლოს, უსოვოს დასახლებაში მდებარე საკუთარ სახლში, სპორტდარბაზში იპოვა ცოლმა. მას ტყვია თავში აქვს ნასროლი...