ნათია თურნავა - ჩვენ ვეხმარებით როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვა კონფესიებსაც

ჩვენ ვეხმარებით როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვა კონფესიებსაც, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" ანგარიშს შეეხებოდა, სადაც წერია, რომ 2002 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიამ ბიუჯეტიდან 276.5 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო საპატრიარქოს ჯამში 64 კვ.კმ ფართობის უძრავი ქონება გადაეცა.

თურნავას თქმით, ყველა ეს ტრანზაქცია კანონის ფარგლებში ხორციელდება.

„ჩვენი საპატრიარქო, ჩვენი ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვახორციელებთ ყველა ამ ტრანზაქციას, დახმარებას და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასევე სხვა კონფესიებსაც ვეხმარებით და არ მგონია აქ რაიმე კითხვის დასმის საფუძველი იყოს," - განაცხადა თურნავამ.